გამოგიგონე, დე-ენ-ემ-ით ჩემი ცოლი ხარ,
ჩემი ბავშვების საყვარელი ჩუმი სიბერე,
სამსახურიდან დაბრუნებულს სხვათაშორისად,
ტუჩზე მკოცნი და მზარეულის სახეს იფერებ.
გამოგიგონე, სხვანაირი მეგობარი ხარ,
მკერდზე თავს გადებ, გვეცინება მერე ორივეს,
მომეწყინა და გეხვეწები ჩემო (მხარი-მხარ)
ნელა გავუყვეთ დედამიწის ვიწრო ფოიეს.
სადაც არ ძინავს შუაღამით არცერთ არსებას,
სადაც უაზროდ დამფრთხალივით დაქრის ღამურა,
ჩვენ, რომ სამყარო მოგვიხდება, სწორედ ასეა,
ჩვენ, რომ სამყარო მოგვიხდება ჰქვია ამური.
გამოგიგონე, ვთამაშობდით სიზმრის ეზოში,
დამალობანას, სახლობანას, ჭიაკოკონებს,
ვიყავი შენი სურვილების ჯარის მედროშე,
შენ კი იყავი, სწორედ ის ვინც გამოვიგონე.