მოკვდა, როგორც იქნა მოკვდა,
მეფე, გაუმარჯოს მეფეს,
თბება სოფლის ძველი ოდა,
გარეთ ქარიშხლები ყეფენ.
ჩემი თითებივით ცივი,
თვალზე მიმეჩვია მზერა,
ხეზე ლოლოების მძივი,
როგორც საყვარელი ჭერამ -
ჭერამ გადმოვიდა ჩემში...
თავი ჩამომადე მხარზე.
ასე ჩახუტებაც შემშლის,
შემშლის ჩახუტებაც ასე.
დავხრი ევკალიპტებს კენწერ-
ოდან... გადატყდება ხმელი,
ჩემი სიყვარულით ვერ ვწერ,
ჰოდა მიმაჭარით ხელიც.
კუბო შევუკვეთე სივრცეს,
თვალი დამიბრმავა ბინდმა,
სხეულს ჩემი სული მივცე,
მეტი არაფერი მინდა.