Litclub.ge

დაღლილი ტურისტი
კვლავ კრიალოსანს ითვლის თირკმელი.
სატანა ზევით _ სადღაც აქვეა.
და საჭოჭმანო საქმე თვითმკვლელის
ისევ ყველაზე ნაღდი საქმეა.
იქნებ დროა და იქნებ ადვილიც _
დაესხას წყალი დარჩენილ ღადარს,
თუ ვერ უპოვე მიწას ადგილი,
სად შენი ტერფი არ შეიცხადა;
გული გასცალე _ განძი მეფური
გაეცი მალვით შემოტანილი _
და მაინც დაგაქვს დამძიმებული
შორს წასაღები ჩემოდანივით;
არ იცი, სდიო ვისი გულისთვის
დასაბამებს და დასალიერებს
და უცხო მიწას უცხო ტურისტი
უგულისყუროდ ათვალიერებ;
თუ კენჭებს ითვლი, როგორც თირკმელი,
მეფისტოფელი სადღაც აქვეა
და საჭოჭმანო საქმე თვითმკვლელის
უკანასკნელი ნაღდი საქმეა.