(თანამედროვე პასტორალი)
ნელი ჰანგების ნალამუნები
დრონი წასულან პასტორალების.
ჰყრია მინდორში სალამურები,
დაჩეჩქვილი და ნასკორალები.
და იქნებ ახლა მათი ძახილი
იყოს უდროო, როგორც არასდროს:
გახელებულა სოფლის ნახირი
და მითქარუნებს რქადანაღირი,
რომ დედამიწის ბრუნვას გაასწროს.
მოაგონდებათ მწყემსი ლანდივით,
გადაყოლილი ცათა სიფითრეს.
თითქოს არც ისე იყო ნამდვილი-
მოიფიქრეს და გადაიფიქრეს...
მხოლოდ: თითებით ნალამუნები,
დამტვრეული და ნასკორალები,
ჰყრია მინდორში სალამურები -
მიტოვებული პასტორალები.