მითხარი, როგორ უნდა ვიაროთ
აქ, ამ ფერდობზე, მე და შენ ერთად
და ვარსკვლავების ვიყოთ ზიარი
და მე მამა და შენ შვილი გერქვას.
აქ, ამ ფერდობზე, სადაც ნაძვები
დგანან და გვრჩება ნაფეხურები,
სადაც საღამოს ჩრდილი დაწვება
და ჩვენ ორივეს წაგვეხურება.
აქ, ამ ფერდობზე, მე და შენ ერთად,
და ამ ცოდვების ვიყოთ ზიარი
და მე მამა და შენ შვილი გერქვას,
რომ ვაგრძელებდეთ ასე სიარულს.
უნდა მიკვირდეს, რომ შენ აქამდე
არ არსებობდი, არ მყავდი გვერდით,
და თუ ორნი ვართ, მე ხელს გაკარებ
და მიკვირს, როგორ ვიყავი ერთი...