Litclub.ge

რეზინის სიყვარული (მარიბელის)
რამდენად უსაფრთხოა რეზინის სიყვარული? 
ის არის წელვადი, დრეკადი და კონფორმისტული... 
რეზინივით მოხელთებადი გრძნობები, 
მანიპულირებადნი ჩემგან. 
მიზერული ტრამვების ფასად... ნახეთქები გულის ფსკერზე, მიკრო-ინფარქტი; 
რამდენად ვნებიანია რეზინის კოცნა? 
ის არის ბუტაფორია ანდა რეალობა, კეკლუცი... 
მზარდი განზომილების მატარებელი ნეირონები. 
ტევადია და უძირო, გუბურაში არეკლილი ნახევარმთვარესავით... 
რეზინის საყდარი, ჰო, ერთხელ მინახავს სადღაც... 
რეზინის, თუ პოლიმერის მოძღვარი გვწერდა ჯვარს! 
რეგულარული შეერთებების შემდგომ _ შენთან... 
შენგან გადმოღვრილი, ჩემში, ელექტრო-იმპულსური 
ორგაზმის რხევები!.. 
რეზინის რევმატიზმი და რეზისტენტულობა; 
მე ამ კანს, რომელშიც ვცხოვრობ, გავწელავ შენამდე.. 
_ სადაც არ უნდა მეგულებოდე!.. 
_ სადაც არ უნდა იხატებოდე ტოტალურ სიზმრად, ძვირფასო! 
მაცალე მოგირგო რეზინის სამყაროსავით, ჩაგიტიო... 
რამდენად უხარვეზია დნობადი სილიკონის ფაქტორი, შენს უზომო მკერდში? 
გამაგონე მდუღარე სუნთქვის პერიმეტრული ჟღერა, 
დამანახე სუსხი გუგების, გუნდების წყლად ქცევა-უკუქცევადი... 
მუდმივად განვაახლებ ღვთიურ რეესტრში შენი წებოვანი სხეულის 
პრივატიზაციას! _ დამერწმუნე... 
დადგება დრო, როდესაც საშლელი რეზინით 
ავაცლი შენს ანარეკლს, იმ დესპოტ მთვარეს, დედას შენსას... 
მაჩუქე რეზინის კდემა და კაუჩუკის სათნოება, კვლავ მარად მორგებადი, ჩემთვის... 
მაჩუქე უთავბოლოდ მსრბოლი სიჩქარე, 
მოლეკულური ურთიერთშერწყმით რომ დასრულდება უთუოდ... 
მიწილადე რეზინის სიყვარულის პრელუდია, როგორც სიზმარი, 
უფორმოვ, ჩემო...