Litclub.ge

აგონია
დამღალა ზეცამ, იმდენს ვფიქრობ, ვოცნებობ იმდენს,
მიწას იმდენად დავაწექი, ღერძიდან მოძვრა,
ჩემს ფაშატ ლექსებს ახლადშობილ კვიცივით მივდევ,
დამჭკნარ ფოთლებზე წავიკითხე თებერვლის ლოცვა.

იმატა თოვამ, ჩემი სულით შევკარი გუნდა,
ჩამადნა ხელში უფლის რწმენა, ციური ზოლი
წარმართი გავხდი და ქალწული ნუშებით უნდა
გავხადო მარტი ჩემი ვნებით აშლილი ცოლი.

ვუყურებ წვიმას, ჩემი ქუჩის მტირალა სახეს,
მე მხოლოდ სუნთქვის შეკავებით ვაჩერებ ღრიალს,
ვჩურჩულებ ჯერარდაბადებულ შვილების სახელს
და ისევ ვიწყებ ნერვიულად ოთახში წრიალს.

წავაწყდი აპრილს, ყვავილებით დამტვერილ ალბომს
ვათვალიერე ხალისები, კოცნები შერწყმა
და გამახსენდა მთვრალი ბაღი, ლოგინი, პალტო
და კიდევ წამი სარკეში რომ ჩახედვის შემრცხვა.

დაღამდა თეთრად, მე უძილო თვალებით ვზივარ
და ჩემი ჩრდილი მაგიდაზე ბოთლივით მიდგას,
ჭიქაში ვისხამ საკუთარ თავს, ძალიან ცივა,
ვამბობ ჯერართქმულ სადღეგრძელოს, მოგონილ სიტყვას
და ისევ ფიქრი, სხვების ნაცვლად ტკივილის განცდა,
ტარება უცხო სიზმრებიდან სხვათა გმირების,
ყველა სურვილი სხეულიდან ღილივით ამწყდა,
უკმაყოფილო სტუმარივით გარბის კვირები.

მტერივით ვებრძვი ჩემს ოთახში გამომშრალ ჰაერს
ვუკაწრავ მუცელს შხამიანი ფრაზების დაშნით,
შურისძიებით გონდაკარგულს მოვგავარ ლაერტს
და სიკვდილივით მე დედოფლის ბაგეზე დავშრი.

მივაწყდი სარკმელს, წავიკითხე ვარსკვლავთა ქვები
გარდაცვლილ მზეთა სასაფლაოს მოჰგავდა ზეცა
და გამითეთრდა ერთ ღამეში შიშისგან თმები
და იმ წამივით კვლავ სარკეში ჩახედვის შემრცხვა.