Litclub.ge

ლექსი არაფრის დიდებით
ფიქრს მინდა გავექცე არაფრის დიდებით
და ყველა მოვლენა მეჩვენოს სულერთი,
ხმაური მიყვარდეს? არაფრისდიდებით!
სიჩუმემ დამღალოს? ხომ არ გასულელდი?!

მე დამღლის მუდმივი გრძნობების გამოცდა,
განწყობა _ ფერი რომ არასდროს ეცვლება,
ტანჯვა, თუ შემთხვევით რაიმე წამომცდა
და დილა, რომლისაც რატომღაც შემრცხვება.

მე დამღლის ვიღაცა მუდმივი ხალისით,
სიცილით, რომელსაც ფინალი არ უჩანს,
ყვავილთა ქორწილის აკრძალვა მაისით,
ამ ლექსში რითმისთვის ნათქვამი ალუჩა.

მე დამღლის სამოსის მოდური შერჩევა,
სარკე _ არსებობის პირადი პასპორტი,
ჩემს მარტოობაში ვიღაცის შემჩნევა
და ის, რომ გავხდი და წელშიაც გავსწორდი.

მე დამღლის თამაში პატარა სცენაზე,
ბავშვურად მე თვითონ ცარცით რომ მოვხაზე,
სათქმელი ტკივილით მომდგარი ენაზე,
ტუჩებით გათხვრილი ამბორი ლოყაზე.

მე შემშლის: ბოდლერი, ლორკა და ედგარ პო,
ბახზე და მოცარტზე ლექსების კონცერტით,
მთვარეს გვირგვინივით ატმების ედგა რტო
და ახლა სიგარეტს _ ქალის თითს მოვწევდი.


27 მაისის 2005 წ.