Litclub.ge

თოვლის დასიზმრება
რამდენჯერაც მოინდომე შენი მიცვალებულების მოთქმით დატირება,
იმდენჯერ ამოეფარე მოთმინებას, როგორც ბუჩქს 
და გულში მოიკალი ყველა სათქმელი,
რადგანაც კაცი იყავი და 
სხვანაირად არ ეგებისო, დაგძახოდნენ.
თავისუფლების გმირობა კი ამქვეყნად არ იყიდება.
რამდენ ადამიანს ვკარგავთ და 
მიმოვფანტავთ ხსოვნის და დროის უძირო უფსკრულებში,
და ვინც არ გვინდა რომ ჩვენს წარსულად იქცეს,
უნდა დავუშვათ ჩვენს ცხოვრებაში 
გრძნობად, ფიქრად, ლოცვად და სიზმრად,
უნდა დავისიზმროთ თოვლში მოცეკვავე მეგობარი
და მზიდან, თურმე, მზეს ვერ დაინახავ.
მიცვალებულთ კი უფანტავენ განვლილ გზებზე დამჭკნარ ყვავილებს,
და სიკვდილი უკან დაბრუნებული, აქეთობისას, მათაც გათელავს.
თუ მოგინდება გამოჯანმრთელება ღამისაგან,
გადაისხი სისხლში ნათელი,
თოვლის ნათელი,
რომელმაც გააჭაღარავა იაკობ ნიკოლაძის ბიუსტი,
ჩემი დროებითი საცხოვრისის ეზოს პირდაპირ.
და მერე ბოლოს და ბოლოს დაგეღლება გაწვდილი ხელიც
და თუ წელშიც გაიმართები თავს ზეცას მიარტყამ,
და კიდევ არ მაქვს გარკვეული, რაა ამბოხი _
მაშინ როცა ყველა ნაბან წყალს გადამაყოლეს!