Litclub.ge

გავა აღდგომა...
ახლა მზესავით მცივა სიშორე,
ბაბუაწვერებს მიაქვთ მარტისთვე,
დღემდე რამდენი სახეც ვიშოვე,
ყველა უკლებლივ გავაარტისტე.
ახლა ზღვასავით მტკივა სიცივე,
ყოჩივარდები დამდნარ მარტისდღის,
რამდენჯერ - ცრემლებს მიღმა ვიცინე,
რამდენჯერ - ღიმილს მიღმა ავტირდი.
ახლა ბავშვივით მაკრთობს სიბნელე,
ღამის სიშავეც თითქოს გამრჩობლდა,
ვერ ავუდივარ დღემდე იმ ვნებებს,
ერთადყოფნისას ჩვენ რომ გვახრჩობდა.
ახლა მუხლებში მტეხავს ამინდი,
წვიმა - ნაპირზე ზეცის ტროპარი,
მერე ტუჩები როცა გამანდე,
ცოტა ზედმეტი კოცნა მოგპარე.

დღემდე ფიქრითაც მიჭირს მიღწევა...
წვიმას აპრილის ცივი ქარი ცრის...
გავა აღდგომაც... და ის ჯვრისწერა, -
შენ რომ მოხვალ და... მერე, არ ვიცი...