თურმე სევდასაც
დაჰყოლია
მისი საზღვრები,
ჭმუნვა – როგორც მზე,
უპეებში
ცრემლებს აშრობდა,
სიტყვებს, რომლებსაც
ვერასოდეს
გავისაზრებდი,
იყო – “ძვირფასო,
მაპატიე,
უნდა დავშორდეთ”.
თურმე კოცნასაც
შესძლებია
ტუჩზე გახუნდეს,
იყო მოხუცი,
შინაგანად
მუდამ ბავშვობდე,
მათხოვარივით
ვაგროვებდი,
ვნების ცივ ხურდებს,
პასუხად კი რა? –
“მაპატიე,
უნდა დავშორდეთ”.
ზამთარია და
ფანტელების
ფარფატა პეპლებს,
ალვებს კი ირგვლივ,
დათოვლილთ და
ცამდე აშოლტილთ,
არ ვეწევი, თუმც დავამსხვრიე,
მაინც საფერფლე,
გაგონებაზე ამ სიტყვების –
“უნდა დავშორდეთ”...