ამ სისხლის ძარღვებს, სიცოცხლის სხივებს,
მუზები გრძნობით ასაზრდოებენ,
სიწითლედ ასხმულ ბურთების მძივებს,
დროში ხორცშესხმულ ლექსად ტოვებენ.
აღტაცებაში გაყინულ თრთოლვას,
ჩამოათოვებს მტვერი ვანილის,
იგრძნობ ცოდვილი სიამედ ოლარს...
მსუბუქ ჟრუანტელს ადრენალინის.
გული მიფეთქავს როგორაც ჭურვი,
და მისველდება ცრემლით ღაწვები,
ვცდილობ არასდროს არ გავიკურნო,
მუზის საწოლში როცა ჩავწვები.
ეხება ბაგე სიკვდილის კოცნას,
ისე ცივსა და ისე უსახოს,
რომელიც ცდილობს მოგწყვიტოს ლოცვას,
და მის სივრცეში დაგატუსაღოს.
გეძახი - გესმის, გიღიმი - მხედავ,
როგორ განვიცდი სიხარულს ამოდ,
ზეცა თუ მიწა?! კითხვას ვერ ვბედავ...
"ლაზარე აღზდეგ"!.. "ლაზარე გამო"!..
სუნთქვას და ჰაერს, დუმილს და კივილს,
იგრძნობ შეხებად, - როგორც დანის წვერს,
და თითის წვერში შეგრძნებულ ტკივილს,
პოეტი ლექსად აორგანიზმებს.