მეგობარო "საგზურისთვის" გმადლობ
განაჩენზეც მომესაწყლა ხელი;
ვიცი, ნანობ, თუმცა, უკვე რა დროს...
ჩამოცლილა მადლის საწნახელი.
რა უჩუმრად გაიბზარა გობი,
გაიპარა ჩანაწობი წლები...
ქუდის ხურდად მაინც არ მეთმობი -
უბნის ქურდად მონათლული ძმების.
ვხედავ: ცასაც უღალატა მიწამ,
საძმო ფული აწ ფუფულოდ ხარჯე...
სერობამდე გაგცა მამლაყინწამ
და ცხრა წელი შემოადნა მაჯებს.
ბობორიკა "ქსანის ჰამაკს" მიქსოვს,
რომ ნარიდან ავიკრიფო ძვლები;
აბეზარი ბუზი - ტუზის სიმსხო -
გაუშვა და... გადმომხედა შვებით.
ობობასაც კი ჰქონია გული -
მაცდურ ქსელთა მბეჭავ ბაბაჭუას;
გისოსიდან მიმზერს - გაფუყული:
რა უგულოდ ვლოღნო პურის ყუას.
არა, ძმაო, არ გიკითხავ მორალს,
არც შეგიქცევ გოფრე გრამაფონით.
მაგრამ: წყალი რომ წაიღებს ბორანს,
მებორნესაც ახსენდება ფონი...
შენც ეძებე: თუმც ვერაფერს შეცვლი...
წითელ "პრიმით" ვერ ამინთებ მწვანეს;
იუდასიც არ ყოფილა ვერცხლი -
ჩამშვებაძის თამბაქოზე მწარე!..