Litclub.ge

ჩემი აღმსარებლობა
ქეთო ნინიძეს


მზე საიდანაც იწვერება,
ჩვენც იქით ვლოცულობთ,
ჩიტებიც ისევ მიფრინავენ აღმოსავლეთით,
აღმოსავლეთი კი იგივეა საითაც იყო.
ჟამით ჟამამდე უღრანები ივსებიან
იდუმალებით,
სიზმრებით და 
მოჩვენებებით.
შენც სხვა გაავსე, 
თავად რითიც ხარ სავსე _
მდინარეები რომ ავსებენ ზღვებს,
ზღვები კი ოკეანეებს.
ცხოვრებაც სავსეა გუშინდელი დღეების ყურისწამღები კივილებით,
სავსეა მეხსიერების სინდისის სამსჯავროებით
და ცხოვრება სავსეა
სიცოცხლეებით და სიკვდილებით.
ვიღაცას მთვარე გაუნათებს სავალ ბილიკებს,
ვისაც მიწვდება ძახილი ვარსკვლავთა,
ძახილი ღამისა და
ჩაფიქრებისა დუმილში.
ვიღაცას გზაში დაეწევა ტუბერკულიოზისფერი ხველება,
დაეწევა საიდუმლო, რაც შეიფარეს
შენმა თვალებმა,
შენმა თითებმა და
შენმა სულმა.
შენც გაავსე ისე, როგორც გაზაფხულმა მკერდი გაივსო,
უხმო ყლორტებით,
მოვიდა სისავსის აღმსარებლობით _
ჩიტების ხორხით,
კვირტების კუზებით,
ბროწეულის აფეთქებული სიტყვებით,
და გაავსე სანამ
სიბერე მხრებზე მძიმე ტვირთად შემოგაჯდება,
სანამ ჯერ კიდევ შემოდგომა ჩაგსაფრებია და
დეკემბერი გაგტეხს თითებში,
თვალებში,
წელში და 
სულში.
აღმოსავლეთი კი იგივეა საითაც იყო,
ჩიტებიც ისევ მიფრინავენ აღმოსავლეთით,
ჩვენც იქით ვლოცულობთ _
მზე საიდანაც იწვერება.