შენს კაბას წითელა თუ სჭირს ბატონები,
ანდა - ყაყაჩოთა სახადი? . .
ცოტაც ვიცეკვოთ და დაგეპატრონები
ვიდრე სუნს იკრავდეს სხვა ხვადი.
ამ კაბას მეწამულს და ასე შრიალას -
ნიავი მოირგებს ქილიკით:
შეხედე: მთვარიდან იელმა იალა!..
წყარომდე მოკლდება ბილიკი...
შესცოდე... და ხვადი სახადი დაცადე,
ჩვილ ბაგეს აგემე ამურის მარილი;
ნიავიც ამაღამ აიხდენს საწადელს,
გაღმა დაქარდება, ქალივით.
ცოტაც და...იწინთებს ქალწული ყაყაჩო...
გახლეჩილ ბროწეულს აუვლის ტკივილი,
და ვიდრე...და ვიდრე... იყუჩე,
მკლავებში მარწიე ტივივით!..
ცხელ ნდომით ამეკარ, ვით თონეს - ლავაში
სატევარს ქარქაში უტიე ვადამდე!..
ხვალ ისევ ჩავპურდეთ ამ ჭვავის ყანაში
და ხვალაც წითელა გადამდე...
მთვარე ყაბულსაა თაფლობის შვიდ დღეზე,
ნიავმაც მოგართვა კაბა და...
წითელბატონები წყრებიან შინდებზე:
წადითო, გეყოთო ლამბადა!...