ჩემო მახვშო და ლექსებრ მაღალო,
ჭიგოს ვაზივით არ დაგეხსნები!..
ერთხელ ხომ უნდა წამებაღანო
და ორნახადი მასვა ლექსები!..
თორემ დაღმართიც მეაღმართება,
მესეფი ძაღლებს მისევს გნიასი
და მიკიდია ფილტვისანთებად
ციება - კოკი საჯაიასი!
ფირცხალავასიც მწკეპლავს პწკარები:
ხველანა ხიდან ჩამოსხეპილი;
იმ თეთრ პალატას არ ვეკარები
და ტუბკარავი დამაქვს შერპივით...
არ შეგაპარებ ანალს-თემაში,
ჩემსავე ჩრდილზე ვგდივარ თარგივით
და მდედრობს ცოდვა-ანათემაში
თოვლეთი - წვიმად ჩამოთარგმნილი.
ერთი ეს მითხარ, შენ გახარებას:
აკვანს რა მართებს სასაფლაოსი?..
მართლა ოთხია კვლა სახარება,
თუ ერთით მეტი - "ვეფხისტყაოსნით"?
ბრძენ მარეს* ისიც გეცოდინება
ვინ უწყალობა თანაფა* უფალს;
თუმცა, რაღა დროს... ხოჩა დინებმა
ლაშარედ უკვე გაშალეს სუფრა.
თამბისაც კვიცრა* მოაქვს ბეჭით და
ენგურს ენგური უჭირავს კუდით;
...აწ საკართანოს შევსვამ - ერთ ჭიქას -
ამ ლექსადმოხდილ სვანური ქუდით.
_____________________________
*საკართანო - ბოლო სადღეგრძელო, კარებთან წარმოთქმული (ხევს.)
მუჯრა - ხელჯოხი (სვან.)
ჯიმ - მარილი (სვან.)
მარჩხა - ჩქერი (მეგრ.)
კარკალი - რაკრაკი (მეგრ.)
მარე - კაცი (სვან.)
ხოჩა დინა - კარგი გოგო (სვან.)
კვიცრა - შუნი (სვან.)