სადგურს ან ცირკთან ახლოს ალაგებს?
ჩვენ კი დღემუდამ სამშობლოს ვეძებთ,
როგორც ნახანძრალ სახლში
მშობლების დამწვარ სხეულებს.
მძიმეს და სევდის მთებივით ზურგზე წამოსაკიდს,
ჯოჯოხეთად რომ გვექცა სამშობლო,
სხეულისა და სულის ყველა ნაწილს
რომ გვთხოვს და გვიჭამს.
ტკივილივით რომ არის გადასატანი
და როგორც ზამთარში გაზაფხული ისე გვენატრება.
გულდასმით უნდა მოუსმინო ტკივილს,
ხან, რომ კივის და ხან, რომ დუმს _
დუმილი ჩვენი ღვთაებრივი თვისება!
იგია უფანჯრებო სახლის წყევლა
და უშვილო ქალის ამოთქმით ტირილი,
ღიმილების ჭკნობა და შემოდგომაც,
მაღალი შუბლების პროცესიაც და
ჩამავალი მზის სხივებში გახვეული ზღვაც.
და მოდი, მივატოვოთ ეს საქართველო,
ასე საყვარელი
და საძულველი.
უმარტივესი სიტყვებით ვუთხრიათ,
რომ იგი გვსურდა,
გვსურდა სხვაგვარი.
რომ იგი ისე ვერ გავიგეთ,
როგორც წყალობა.
მოდით ღრუბლებო,
უთეთრესო, თეთრო ღრუბლებო,
თქვენ გადაფარეთ ეს მთა-ყანები,
ეს ტყე-ველები,
ეს ციხეები და კოშკურები,
გადაფარეთ ეკლესიები,
რომ რაც კი იყო, ჩამწვარია, ჩაფერფლილია,
გაწოლილია, როგორც სოფლის მიტოვებული საფლავები
მთებსა და გორებზე,
ლოცვასავით ჩამოიღვენთა
და თუკი არის,
ჩვენთვის აღარ არის სამშობლო _
უფანჯრებო სახლის წყევლაა
და მიწა მძიმეა,
ნუ მივაყრით მიწას ბელტებად,
იგია ღიმილების ჭკნობაც
და შემოდგომაც!..