Litclub.ge

(ბობ, ახლა რამე უნდა მირჩიო...)
ბობ, ახლა რამე უნდა მირჩიო,
ბობ, ახლა მთებში წითლად ღამდება
და დაბლა ყრია ნაძვის გირჩები
და შეგიძლია შველა ამდენად. 

ბობ, რამე უნდა მითხრა ახალი,
ბობ, მოიხედე, შენთან მოვედი,
ჭკვიანი თავი უნდა დახარო,
ისე ზოგადად, როგორც ყოველთვის.

ბობ, ვეღარ ვიტან ცარცის ვაგონებს,
ბობ, ირგვლივ თითქმის ისევ ისეა
და ჩვენს ბავშვობას ნუ მომაგონებ,
თითქოს ეს წლები მომცეს ნისიად

და მოითხოვენ მხოლოდ გაძლებას,
მხოლოდ ღამეებს - ნაღდ ანგარიშზე,
ბობ, ვიცი, მალე ტყავი გამძვრება,
ბობ, ვიცი, სადმე უნდა გავიქცე.

ბობ, დამეხმარე ასე ავადმყოფს,
ბობ, მხარზე, მხარზე, ხელი დამარტყი,
ბობ, ივრის პირას ცეცხლი დავანთოთ,
ბობ, მთვარის შუქზე ფერი ამარტის.

ბობ, შმაგ ვერხვებთან ჩვენი ვილისი,
ბობ, დაკბენილი ძილი, მკლავები,
ბობ, ბედს სიბერე უნდა ვირიშვილს,
ბობ, მოიხედე, სადღაც გავები.