მინდა, გამოვფინო ჩემი გადამწვარი ნათურები
და ტანის ოდნავ რხევით ვუთხრა ყველას:
ლა-ლა,
აი, მე რა მაქვს, -
ჩამქრალი ნათურები,
აი, ის წვრილი ძაფივით ჩამწყდარი ზამბარები,
არ გინდათ, კარგად შეათვალიეროთ?
ლა-ლა,
მე ნათურის გამოცვლა არვიცი
და როცა ვიცი -
არ მაქვს ახალი ნათურები.
ლა-ლა,
სანთლის შუქზე ყველა ერთ ოთახში გროვდება,
მე შემიძლია, ხელი გავიწოდო და
შევეხო,
ნებისმიერს..
მოდი ახლოს,
ნახე ჩემი ჩამქრალი ნათურები,
შორიდან არ ჩანს გაწყვეტილი ზამბარა..
ან, არ გინდა ახლოს,
დარჩი ორი ნაბიჯით უკან -
ვერ მოგწვდები და
ჩრდილი იქნები..
ბნელში იდექი,
სანთელი,
ლამფა,
სანთებელა,
უბრალოდ, ასანთი გეჭიროს ხელში..
ჩემი ხელები ჰაერს უსინჯავენ ნაკვთებს:
აი, სუნი..
აი, სითბო..
აი, ტალღა..
დამტოვე ტალღების პატრონად,
ბგერების პატრონად
და გეჭიროს ხელში ასანთის ღერი,
ვიდრე უცებ არ გაგახსენდება,
რომ ჯიბეში გაქვს გადაუწვავი ნათურები,
ციმციმა ნათურები,
ფერადი..
ჩრდილო, მოიწიე,
ჩაყავი ხელი ჯიბეში -
დაგეწვა.