Litclub.ge

ჩვენ, ორი..
ჩვენ, ორი ველოსიპედი,
ორი, დიდი ხნის წინ გამოგონილი ველოსიპედი,
ჩამოქერცლილ, თეთრ კედელთან მიყუდებულები,
ველოდებით მათ.

შენი ველო მწვანეა და სამთო,
უამრავ დაბრკოლებაგადალახულს, თავი ყოჩაღად უჭირავს.
შენ, ყოველ დილით,
(ან იქნებ არც კი, ყოველ დილით)
ჰაერით ავსებ მის ბორბლებს
და სიგნალს საჩვენებელს წამოკრავ –
გასვლის წინ, გასაღიმებლად…
მწვანე მეგობარზე ამხედრებული
კისერს უკან იტრიალებ, –
კეთილ ღიმილს, ჩამოქნეულ ხელისგულში რომ ხედავ,
საკუთარს აგებებ.
დამშვიდობება შედგა –
დროებითი
და ეშვები სივრცეზე და სივრცეში..

ჩემი ველო ცისფერია და მომცრო –
ეზოში გასატარებლად თუ გამოდგება,
ჰა – მიმდებარე ქუჩებში…
მე, ყოველ დილით,
(ან არც კი, ყოველ დილით)
ვამჩნევ მის მოშვებულ ბორბალს და იმ იმედით,
რომ ახლოს მივდივარ,
ხელჩაქნეული, მაინც ვსკუპდები ზედ
და კედელ–კედელ ნასწავლი პირველი გაკვეთილი მახსენდება…
ჩემი ველოს სიგნალი ისეთი უნიათოა,
საჩვენებელ თითსაც კი ვერ განაწყობს წამოსაკრავად,
ჰოდა დუმს,
მხოლოდ ხანდახან, შესამჩნევ და მაინც უყურადღებოდ გამორჩენილ
ორმოში ჩახეთქებისას კვნესის,
ოდნავ.

დღეს შენი სივრცე ჩემს მიმდებარე ქუჩას მოიცავს.
დღეს შენი მწვანე ჩემს ცისფერს ეზავება.
დღეს შენი კვალი ჩემი საგზაო ნიშანია.
დღეს ვერ შევამჩნევ ვერცერთ ორმოს და მაინც,
არ გავიგებ ხმას –
სუნთქვას ჩუმად ამოყოლილს…

ჩვენ, ორ ველოსიპედს,
ორ, დიდი ხნის წინ გამოგონილ ველოსიპედს,
ჩამოქერცლილ, თეთრ კედელთან მიყუდებულებს,
გვიყვარს ერთმანეთი.