\"ზეერს\"
(\"რაც კარგები ვართ, ქართველები ვართ!\")
ზევ,
დაიძახე „ჯოს“, როცა მე საწყისს წარმოვთქვამ,
როცა ხელს ავღმართავ,
როცა თვალებში გიყურებ!
მე პირველი ვარ,
მე – ორთქლმავალი.
გამეშალე ბორბლებქვეშ,
დაქუცმაცდი და ჩამები,
რომ ჩემ საყვირს დაადევნო „ჯოს!“ –
ჰაერში გასაფანტად.
ზევ,
გიშლი წიგნს ფერადი ილუსტრაციებით,
ამოიკითხე წარსული და დაეცი მუხლებზე!
დაეცი და არ დაინახო მიწა,
რომელსაც ცეცხლი უკიდია;
არ დაინახო კარი,
რომელიც მე არ ჩამომიბავს.
ასწიე კისერი,
ააყოლე მზერა ხელს,
რომელიც გადმოგაყრის თავზე ვარდის ფურცლებს.
წინ დიდი ტრამალია
და მგლები ყმუილს ვერ ეჩვევიან,
ვერ თმობენ ნახტომს, როგორც კაცი – ირემს,
ისარმოხვედრილს…
ზევ,
გამომყევი და მოიდრიკე მუხლი კვარცხლბეკთან
(ის, რა ხანია, ქალაქის შესასვლელს ამშვენებს),
ჩვენ წინ მივდივართ,
ზუსტად ვიცი,
რადგან ეს მაგიური სიტყვა ნიშნავს მიმართულებას და
ბოლო სადგურს,
სინათლეში.
ახლა კი, გამოუშვი ორთქლი,
დაიტუმბე მუშტები წარსულით
(რომ კარგად იბაგუნო მკერდზე),
გაიფერადე სიზმრები და კიდევ ერთხელ,
ომახიანად დაიძახე „ჯოს!“, –
ეგებ მგლები რკინის თათებზე ჩასხდნენ,
გაოცებულები.