როკავს, როკავს, როკავს... ძეწნა, ძეწნა,
ძეწნა...
ნოტებ-ნოტებ ტოტებს, ურევს, ურევს,
ურევს!
ბაგე - ბაგეს უცებ ისე შემოეწნა
როგორც სველი მკერდი ვიწრო მაისურებს.
ტოკავს, ტოკავს, ტოკავს...გახვითქული
ტანი!
ისე ნება - ნება ეუფლება ვნება...
და-და, და-და, დანით
და-და, და-და, დანით
ასე მოხდა ჩვენი გადალებანება
ფეთქვა-ფეთქვა-ფეთქვით აღმა-დაღმა
დადის!
სისხლძარღვებში სისხლის აღარ არის ტევა!
არის მხოლოდ ღამე ლურჯი მარმალადის
შენს დალალებს მიღმა მტევან-მტევან-მტევან...
გადაკიდებ კისერს როცა ბოლო-ბოლო
და მოიდებ ყელზე აკივლებულ ალმურს,
დაასრულებს ქარი უკანასკნელ სოლოს,
უაღრესად ველურს, უაღრესად ქალურს.
და ქალივით როკავს ძეწნა, ძეწნა,
ძეწნა
ნოტებ-ნოტებ ტოტებს ურევს, ურევს,
ურევს...
ბაგე - ბაგეს უცებ, ისე შემოეწნა
როგორც სველი მკერდი ვიწრო მაისურებს.