სალამი უძილობის მეკობრენო!
სალამ ოცდამეერთე საუკუნევ!
სალამი სიყვარულის აკლდამებო!
რა ვქნათ?! თუ აღარ ვარ
ის ახალგაზრდა, თბილისელი აშუღი ბიჭი
შეყვარებულს რომ მაისის ვარდებს ჩაახუტებს,
კვირაში შვიდჯერ
და ეტყვის:
გამარჯობა!
გამარჯობისვის ნუ დამძრახავ!
უბრალოდ მომესალმე!..
თვალები დახარე და წამწამები დააფახულე,
მერე თვალი, თვალში გამიყარე
და მითხარი, რომ ყველაზე წითელი სისხლის
ფერი ვარდებიდან,
ყველაზე გულუბრყვილო სიყვარული ავარდა
და მკერდში ჩაგეღვარა!..
მითხარი, რომ როდესაც გძინავს
უჩემობას განიცდი მხოლოდ.
რომ არ არსებობენ რეალობები!
და არ არსებობენ არარეალობები,
სადაც მე არ ვარ! (შენში)
მითხარი,
რომ ყველაზე გრძელი სიზმრებიდან,
ყველაზე დიდი უჩემობა,
ოთახიდან ოთახში გაბნეული,
შენი თმების სურნელზე უფრო
მოკლე და იშვიათი
ინტერვალია...
მითხარი, რომ
საათები, რომელიც ჩემს ლოდინში
ოთახიდან მზესავით გადის...
და გაღმა მთებზე, მოწეული
ბროწეულივით იწურება,
გიყვარს და გათბობს.
რომ
რაც ჩვენს შორის ღმერთია ახლა,
მთელ სამყაროს ეყოფოდა...
გადაფარავდა...
მერე იქნებ,
მეც გითხრა რამე.