Litclub.ge

არ ითქმის
ერთ ამბავს გეტყვი, შენგანაც მოვისმენ,
თუმცა არ ითქმის, თქმას კი ვაპირებ,
ჩქამია სეტყვის, სეტყვაც როდისმე,
როგორც მაქციებს, როგორც ვამპირებს
თავებს აჭრიან, ცოცხლად მარხავენ,
ერთ მშვენიერ დღეს ცას გადაიფხრეწს,
მთვარე მაქციამ სიზმრად მაქცია
და სიზმრის აზრის ვემსგავსე მიმხვედრს,
ძილისპირულზე მოვნახე მხარე,
ისიც შორია და ჯერ უთქმელი,
როგორც ხარები აღმართებს ხნავენ
ისე სიტყვებსაც კლავენ ფურცლები,
ჩემი სიკვდილიც გვერდით დამყვება,
გაშლილი ხელის მანძილზე თითქმის,
მოსისხლე მტრები იქცნენ მაყრებად,
თქმას კი ვაპირებ, თუმცა არ ითქმის,
არ იწერება, არ იფიქრება,
არ გამოითქმის არცერთ ენაზე,
ყველა ის განცდა და ის ღირსება
მამა მთვარეს და შვილად დედა მზეს,
რომ დამანახებს ხილვას შორიდან,
რომ მიმანიშნებს და ისევ ქრება,
დრომ გაიარა, მე ძღვენს მოვიტან,
ხომ მოვიმგოსნე ცა ძვირფას თვლებად,
ხომ გავუძელი სამივე ხიფათს,
ცეცხლსა და წყალს და დიდების საყვირს,
განმარტოებაც ასე რომ მიყვარს
სულსა და სხეულს შორი-შორ გაყრის
თვით სიმარტოვე, ცოცხალი ღმერთი,
ის უხილავი და ის უთქმელი,
ვინ მივატოვე, ან ვინ რას მეტყვის,
თაფლი, საუნჯე, ყვავილ-ფუტკრების
თუ დავურიგე ყველა ჩემ შემხვედრს,
ეშმაკს კვირტებად გვირგვინი თითქმის
თავზე დაუდგამს, ჭეშმარიტება...
თქმას ვაპირებდი, მაგრამ არ ითქმის.