Litclub.ge

ვალი
არა მარტოდენ მამულის, ანდა,
არა მარტოდენ წინაპრის ვალით
საქართველოში ათგზის ძნელია
იყო პოეტი და იყო ქალი.
ეს იმას ნიშნავს, რომ ცალი ხელით
აკვანს არწევდე, სად სხივი ჩადგა,
ხოლო მეორით კემსავდე ძველი
მეტაფორებით გაცვეთილ ფარდაგს,
იყო ერთგული ცოლი და დედა,
თანაც ფეხდაფეხ სდიო ქარაშოტს,
ეს იმას ნიშნავს, ვით ცეცხლს ფარვანა
სიკვდილს ბავშვივით შეეთამაშო
და სხვა კეკლუცი ქალების დარად
არ შეგისრულდეს ნატვრა აროდეს,
არ იყოს ვინმე სიმარტოვიდან
შენს დასახსნელად მოუხაროდეს
ეს იმას ნიშნავს არ წაიჩოქო,
სანამდის ძალა გიდგას მუხლებში,
ეს იმას ნიშნავს, იყო ქალღმერთი
კაცის და მიწის მძიმე უღელში.
არა მარტოდენ მამულის, ანდა
არა მარტოდენ წინაპრის ვალით,
საქართველოში ათგზის ძნელია
იყო პოეტი და იყო ქალი.