Litclub.ge

შემოდგომის სერენადა
ვინ რა იცის, ეს ასაკი
რა სასწაულს მომიტანს,
ღმერთო ჩემო! 
დედავ ღმერთო! 
სიყვარული მომინდა.
გამოვშორდი გაზაფხულებს, 
მადლიანს, თუ ცოდვიანს,
შემოდგომას 
სხვანაირი 
აყვავება 
სცოდნია...

სხვანაირად ზეობს იგი, სხვა ბანგით და ტრფობითა,
და მეც!... შემოდგომისფერი აყვავება მომინდა.
სულში რაღაც შორეული, შუქი გადაფოფინდა,
კაი ქალი მომენატრა, - სიყვარული მომინდა.
მშვენიერი მომენატრა, - ისე ჩემთვის იჩქითად,
ლამაზი და ხოშფანდურა აგერ რამდენიც გინდა...

არ გამოდის არაფერი ამ ამღვრეულ თრობიდან,
მოკამკამე ღვინისფერი სიყვარული მომინდა!...
არც არავინ არ ბრუნდება ერთგულების ომიდან,
დალახვრული ციხისფერი სიყვარული მომინდა.

დალახვრული დანაღმული ისე ჩემთვის იჩქითად,
თორემ ქევქევ წმაქაწმუქი, აგერ რამდენიც გინდა.
ვაი სულო! ბრმა ვნებები გამიკეთილშობილდა,
სულ სხვის სანთელს ვეჩურჩულე, შენს ვარსკვლავზე შობილმა,

განმგებელმა სასთუმალთან სულ სხვა ტაბლა მომიდგა,
სიყვარულით გამწარება! - გამგზავრება მომინდა.
ნეტავ ვინ ხარ! ვინაც ხვალე, ამ დიდებას მომიტან,
ღმერთო ჩემო! 
სასიკვდილე 
სიყვარული მომინდა!
გამოვშორდი გაზაფხულებს მადლიანს, თუ ცოდვიანს,
შემოდგომას 
სხვანაირი 
აყვავება სცოდნია...