შენ ყოფილხარ კალოთას? შენ ყოფილხარ ნენიას?
შენ პირველი გალობა, სულზე მოგიფრენია?
იმ დიდ ჟამიანობას, იმ დიდ ჟრიამულობას,
როსმე გამოესარჩლე, შინაურს და შენიანს?..
თვალში როგორ მიყურებ, _
როგორ არა გრცხვენია!
ჯვარცმით შეზავებული, მზის და ვაზის გენია,
შენ გზაფრავდა ქარგები, დაბაძელს და ლელიანს?
შენ ხირხათის ნანგრევის, გამწარება გტკენია?
რა პირით მადღეგრძელებ, _
როგორ არა გრცხვენია!
მავედრალის დაღლილი, ნათელი რომ შთენია,
აქ, გონიოს კედლებთან, საბას სუნთქვა ჰფენია,
სხალთა! _ ჩემი ბერდედა, სისხლში მომიწვდენია,
რა ყალბად მაღიარებ, _
როგორ არა გრცხვენია!
_ იესო თუ ისლამი _ ცული ცას შეჰკიოდა,
სამთვეს მაჭახლისწყალი,
ზღვისკენ წითლად დიოდა,
სამასი წლის ყორანმა ჩემს თავზე იტრიალა,
ქრისტეს ძვლებით მოხაფრა, ხეობები მთლიანად,
ცხრა მარაბდას მორწყავდა,
მე რომ სისხლი მდენია,
ქვევრებთან მოქირქილევ, _
როგორ არა გრცხვენია!
ახლა, ამ ჭრილობების, ვითომ გახსნა მინდოდა?
ჩონგურზე თავმიდებულ კახაბერის მინდორთან?
ჩალაბულას ღეჭვებით, ძირგამომპალ ზვინებით,
საყდარი თუ მეჩეთი, მნერწყვავ და იღრინები,
აღმოსავლეთს, დასავლეთს, აბოს ფერფლი ჰფენია,
ამ ფერფლზე მოფაშფაშევ, _
როგორ არა გრცხვენია?!
... კოლხი ქალის კივილი, ცხრა მთას როგორ მიასკდა,
რამდენ ხვიჩას ვბორკავდით, ვყიდდით ანაკლისთან,
ან ვის გადავუქნიო, ცოდვა ცოდვის მტვირთავი,
ძმებს თავს ვაყრევინებდით,
თუ რძლებს ცოლად ვირთავდით?!
ვის ბორბალს ატრიალებს,
ან ვის გვირგვინს სჭირდება,
ამ ქართული მზვავობის სირცხვილი თუ კირთება?
ხსოვნა დიდთა გულების, რა ქუსლებით გავთელო?
კართემობა ღუპავადა, ერს, ბერს და საქართველოს!
მოვდებივართ, ძმობილო, აბა რას და აბა რას...
ცრემლი ტაო-კლარჯეთის, კვლავ გვისველებს ფაფანაკს.
აქაც ღვიძლი მთებია და ზვავები ფაფარა,
სულს ამ ზვავთა ზათქებით, ხშირად უნდა გაბანვა,
სიკვდილის წინ, აკაკიმ, _ გახსოვს რა დაგაბარა?!
ის ანდერძი ჩემეულ ყველა
ფესვში სვენია,
სანთელს საით იღერებ,
როგორ არა გრცხვენია!!!