Litclub.ge

მათქმევინე, დე!
სამშობლო ხარ! — ამას აღარ ეშველება,
მაგრამ თუ არ მოგვიკითხავ დიდხანს,
მე წინდაწინ მებრალები იმ დღისათვის,
როცა მოგვიკითხავ.

პოეტი ვარ... შენი სიოც გადამძალავს,
შენი ცერად შემოხედვაც დამჭრის;
ვმალავ ლექსებს საქაღალდის ფსკერზე, რადგან,
ფსევდონიმში დასამალი რა მჭირს!

სანამ ჩემი სიყვარულის გეშინია,
დგას „ჭკვიანი“ და აღლუმი მიჰყავს,
სანამ თვითონ არ მიმხვდარხარ, საქართველოვ,
მოსავლელი ვინ გყავს.

რა გვჭირს შვილებს ფსევდონიმში გასაქცევი... 
ვკეცავ ლექსებს და უჯრაში ვდებ.
ჩემი შიში შენი დიდი სირცხვილია,
მათქმევინე, დე!

სამშობლო ხარ! — ამას აღარ ეშველება,
მაგრამ თუ არ მოგვიკითხავ დიდხანს,
იმ დღისათვის მებრალები, საქართველოვ,
როცა მოგვიკითხავ...