Litclub.ge

*ბიოგრაფია (გ.ი)
იოსებ გრიგოლის ძე გრიშაშვილი (მამულაიშვილი)დაიბადა 1889 წლის 12 აპრილს, თბილისის ერთ-ერთ ძველ უბანში-ხარფუხში, კალატოზის ოჯახში. პოეტის ფსევდონიმი მამის სახელიდანაა ნაწარმოები.
წერა-კითხვა იოსებს დედამ შეასწავლა. იოსები 1904 წლიდან უკვე ლექსებს წერდა. წერა-კითხვის შესწავლის შემდეგ იგი მიუბარებიათ ქართულ გიმნაზიაში, რომელიც მამის გარდაცვალების გამო არ დაუმთავრებია. მისი ნაცნობები აღნიშნავდნენ,რომ იოსებს ბავშვობიდანვე უყვარდა წიგნები. იგი ხარფუხის ხელოსნებს უკითხავდა ხოლმე ზღაპრულ ამბებს.
ი. გრიშაშვილი ყმაწვილობაშივე გაიტაცა თეატრმა. მან დააარსა "სცენისმოყვარეთა დასი". თვითონვე იყო დასის ხელმძღვანელი, მსახიობი, ავტორი პიესებისა. ერთხელ სპექტაკლზე სუფლიორი არ გამოცხადდა და იოსებ გრიშაშვილი მიიყვანეს შემცვლელად. ამის შემდეგ ვალერიან გუნიას თეატრში სცენაზე გამოჰყავდათ უსიტყვო როლებში, რომ ცოტაოდენი ხელფასი მიეცათ. 
ი. გრიშაშვილი ნაყოფიერად მუშაობდა კვლევით და მთარგმნელობითი საქმიანობაში.
მისი სხარტი გამონათქვამებითა და ექსპრომტად მიძღვნილი ლექსებით აღფრთოვანებულები იყვნენ თანამედროვენი.
იოსებ გრიშაშვილი გარდაიცვალა 1965 წლის 30 აგვისტოს, დაკრძალულია მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. 
ი. გრიშაშვილი იყო პოეტი-აკადემიკოსი. მას მიღებული ჰქონდა არა ერთი სახელმწიფო ჯილდო, როგორც პოეტს და როგორც საზოგადო მოღვაწეს.