შენ აგიხსნია ბევრი ქარაგმა,
ქორონიკონის კენტი და ლუწი,-
მაგრამ არ იცი, ჩვენმა ქალაქმა
რა სურათები მოქარგა უწინ.
თუ ჩაგივლია სირაჩხანისკენ,
დაჰკვირვებიხარ ამ ქუჩებს კარგად-
გაგაოცებდა რუმბების სისქე
და ჭიანურზე დაკრული ჩარგა
სიძველისადმი გრძნობა, პატივი,
თუ შენში მაინც ოდნავ ელვარებს -
მიხვდები ასე ანდამატივით
რისთვის ვდარაჯობ თბილისის კარებს.
მიხვდები, რატომ არ დაერიდა
ჩემი ლექსები პოეტთა კილვას
და რატომ ვცდილობ ამიერიდან
ასე თამამად წარსულის ხილვას
აი სეირი ჯერ არნახული!
სადღაა ეშხი და სილამაზე!
არ სჩანს ურემი მოჩარდახული
ღამისმთევლები ბოლნისის გზაზე.
ღვინოს საფლავზე არავინ მიგიტანს
ჩამოიხია ბაღდადის ფოჩი,-
ეხ, სადღა ნახავ ელამ მიკიტანს
თავის დუქანთან მიბმული ყოჩით!
კრივი, ამქარი, ცეკვა, ართურმა,-
ეს ადათები ძველთაგან ძველი
გადაივიწყა სიტყვამ ქართულმა
და დამრჩა... სევდა წაუბაძველი.
2
აი, პარმაღზე ვწევარ გულაღმა.
ჩემი ოცნება ფრენას ვერ ითმენს.
აი, აფეთქდა აისი ნაღმად.
აი, ლექსისთვის ვეწვიე რითმებს.
ძველებურ განცდით ვდრაჯობ ნიავს,
რომ შორეული ჰანგი მომფინოს -
მაგრამ ზურნის ხმა ვიღაცას მიაქვს,
ვერ აღწევს ჩემი სახლის ლორფინოს.
დუდუკის ნაცვლად-ქარხნის საყვირი.
დუმბო და ზილი დაახშო რკინამ,
ბულბულს-ყაფაზა, გრძნობას-აღვირი.
აღარც დუდუკი... აღარც ყიჟინა...
და მე არ ვიცი ვიღას ვემონო,
ასეთ ყოფაში თითქოს მოვბერდი...
ვრჩები ოტელო უდეზდემონოდ
მე, სხვა ცხოვრების წინამორბედი.
ძველო თბილისო! დღეს ისე მკვეთრად
ვეღარ შეგაქებ...არ მაქვს უნარი...
მაგრამ ვამაყობ, რომ ჩემთან ერთად
დარჩები მუდამ გაუხუნარი.
ძველო თბილისო! ჩემი მიზნები
აღარ მაქვს,გულში რომ გინახავდი...
გადაწყდა, უნდა შევცვალო გზები...
ძველო თბილისო... გტოვებ... ნახვამდის...