ცა ლურჯი, ლურჯი...
ზღვა ლურჯი, ლურჯი...
თითქოს ოცნებამ ვეება ფუნჯით
ლურჯად შეღება ზღვაცა და ზეცაც.
ამ სილურჯეში იძირება თითქოს თვით მზეცა,
მზე ოქროსფერი.
და ვერ გავიგე,
ზღვაა ცისფერი თუ ცა _ ზღვისფერი...
მზე გეფერება თუ სუნთქვა ზღვისა.
ისევ ჩემი ხარ თუ საოცრად მცხუნვარე მზისა,
რომ დაგიკოცნა ტანი შიშველი...
ღმერთი გიშველის _
ღალატშიც და ერთგულებაშიც,
ღმერთი გიშველის.
ცა ლურჯი, ლურჯი...
ზღვა ლურჯი, ლურჯი...
თითქოს ოცნებამ ვეება ფუნჯით
ლურჯად შეღება ზღვაცა და ზეცაც,
ფიქრიც და შენცა...
მოუთმენელი სიო გადაგხდის
სილურჯის საბანს, ციდან მოხეულს
და როგორც ვნება,
მზე დააცხრება
შენს შიშველ სხეულს...
. . . . . . . . . . . . . .
ცა მუნჯი... მუნჯი,
ზღვა მუნჯი... მუნჯი,
ყველაფერი საოცრად ლურჯი...