Litclub.ge

მატარებლები
მატარებლები ყოველ დილით
და ყოველ ღამე
სადღაც მიდიან,
საით მიდიან, ეგ სულერთია _
გზები დიდია.
მთავარია, რომ სადღაც მიდიან,
სადღაც მიდიან...
იმ მატარებელს მიჰყავს მგზავრები,
უკან ბრუნდება,
ზოგის იმედი ბაქანზე რჩება,
ზოგის _ სრულდება.
ზოგი მგზავრი კი არასოდეს არ დაბრუნდება,
არ დაბრუნდება,
არ დაბრუნდება...
მატარებლები ყოველ დილით
და ყოველ ღამე
ცივი კივილით სადღაც მიდიან,
საით მიდიან, ეგ სულერთია,
გზები დიდია,
მთავარია, რომ სადღაც მიდიან...
მეც მინდა გავყვე ერთ-ერთ მათგანს,
წავიდე სადმე,
საით წავიდე, ეგ სულერთია,
რახან შენ დაგთმე...
მთავარია, რომ წავიდე სადმე...