Litclub.ge

მუნასიბი ბორჯომის ღვინის სარდაფში
მომწყინდა უკვე, მეც აღარ მართობს
ცხოვრება ძუნწი, გაუმეტავი,
ახალგაზრდობა და გულის სატრფო
რომელ სარდაფში დამრჩა ნეტავი?!
ჩავალ, ჩამყვება ერთი თვალების
ტრფობა, ალერსი და ერთგულება,
ამოვალ ზევით განაწვალები
და გულისტოლიც სხვა მეგულება.
მთვრალი ვარ, მთვრალი, ცა _ ედემია,
ვკოცნი ვაზის რქას და ვაზის ფესვებს,
ყველა სირაჯი მამაჩემია
და ყველა კახპას ვუკითხავ ლექსებს.
რასაც ვყვიროდი ბავშვი გულადი,
ნაჭაღარევი ვყვირი იმავეს
და აღარ მახსოვს, სატრფოს სურათი
რომელ სარდაფში დავაგირავე.