ყური დაუგდეთ ძველთა ნანგრევთა
უხმო კვნესას და უხმო გოდებას,
ის, რაც იხილეს ამ ქონგურებმა
არასდროს აღარ განმეორდება.
დგანან ამაყად მკერდშენგრეულნი
და იხსენებენ წარსულს ნისლიანს,
ყველა გოდოლზე, ყველა კედელზე
მამა-პაპათა წმინდა სისხლია.
და თითო ლოდი ხავსმოდებული _
ძველ მატიანის თითო ფურცელი _
უნდა გადავცეთ ჩვენს შვილთაშვილებს
წასაკითხავად ისევ უცვლელი.
იმათაც დახვდეს ციხე რუხისა,
ვარძიის მღვიმე _ დიდება ჩვენი,
მათთვისაც რეკდეს ძველი გელათი,
სვეტიცხოველი და ზედაზენი.
დაე იცოდნენ: ყველა ნანგრევი
დღესაც გუშაგობს წარსულს ნისლიანს,
ყველა მათგანზე მამა-პაპათა
ჩვენთვის დაღვრილი, წმინდა სისხლია.