– რა გატირებს, მითხარი,
პაწაწინა ღრუბელო?
აცა-ბაცა დადიხარ,
როგორც ცხენი უბელო.
– მინდოდა, რომ მენახა
ეს ქვეყანა მაღლიდან.
კიდეც ვითამაშებდი,
განა რამე დამღლიდა.
მაგრამ დედა დავკარგე,
ცაზე არსად არ მოჩანს.
სადმე ხომ არ გინახავს,
ასე რატომ ჩამომრჩა?
– განა დედა, შენ თვითონ
დაკარგულხარ, ღრუბელო.
დამაცადე, ახლავე
ძლიერად დავუბერო.
გაგაქროლებ ლურჯ ცაზე,
ერთად გავშლით იალქნებს,
ქვეყანასაც ნახავ და
დედიკოსაც მიაგნებ!