ტყის პირას, მომცრო ახოსა,
ყველამ რომ დაინახოსა,
ისმის სხვადასხვა ბგერები _
კონცერტს მართავენ მწერები.
მოდგა ყვავილთა ლაშქარი,
ყველა უკლებლივ აქ არის.
კონცერტს ხსნის ჭიამარია,
უნდა იმღეროს არია.
ფრთებმოხატული პეპელა
გამოეცხადათ რეპერად.
ერთმა პატარა ჭრიჭინამ
რა ნიჭი გამოიჩინა!..
გაბერა გუდა-სტვირი და
არ მოიცილა პირიდან.
მღერის ფუტკრების კვარტეტი,
აღარ ჩერდება არც ერთი.
ბევრი იცეკვა ძალიან
მუხლჩაუხრელმა კალიამ.
სახეა მინდორ-ველების,
როკ-ჯგუფი ჭიანჭველების...
ატყდა ყვავილთა ტაში და
“ბრავოს” ძახილიც გახშირდა...
შენც ხომ იქ იყავ, ნიავო?
იქნებ სხვა რამეც მიამბო!