ბევრჯერ ამივლია ტატაბარში
თოფით, სანადიროდ გამზადებულს,
თუნდაც წავეყვანე ჯანდაბაში,
ფეხებს, ტანჯვისათვის გადადებულს.
ბევრჯერ კაცი მყავდა ამხანაგი,
ბევრჯერ შურიანიც ამყოლია,
ბევრჯერ მინატრია ბარის ბანგი,
მაინც ვახარებდი მთას თოვლიანს.
ბევრჯერ დამინახავს ჯიხვთა ხორო,
თოფით, არეული ნადირები,
კლდენი _ ჩამოშლილი ტყვიით, ხოლო
თოვლი _ ჯიხვის სისხლად ნატირები.
მკვდარ ჯიხვს ჩავყოლილვარ, ჩაგორებულს,
მერე ველურივით მიროკია,
ორი დღის მშიერსა და მოწყურებულს
თოვლი ხარჯიხვივით მილოკია.
მერე, კლდის ეხებში შეფარებულს,
ჯიხვის მსუყე მწვადი მიჭამია,
სამი ჭიქა ჭაჭით გალაღებულს,
კაცი მამა _ ღმერთად მიწამია.
ბევრჯერ მისველებდა მხრებს თოვლი და
ბევრჯერ სიცივისგან ვკანკალებდი,
მცირე ნახვრეტსაც რომ იპოვიდა
ქარი, წყევლა _ კრულვით ასაკლები.
მუხლის კანკალიც კი ამტეხია,
ტუტკას, ჰარიშკას და არაფიას,
მაინც არ მოვიშლი ამ ხეტიალს,
კვლავაც ავუყვები ქარაფიანს.