Litclub.ge

ადამიანი გარემოებებს შორის
ცხოვრებას როცა შევედავე
და ფეხიც ამოვკარ ერთ ადგილას,
იმ დღიდან მტკივა, ფეხი კი არა, 
და, სხვათა შორის, არც თავი,
არამედ ყველა ვარსკვლავი და კვირტი ყოველი,
თითქოსდა ტანზე გამომყროდნენ...
და მერე, როგორც მოისართა სამიზნე ბოძი,
გარემოებებს შორის აღმოვჩნდი.

მე ქვას ვმღეროდი,
წყალს ვყვიროდი,
მიწას ვსუნთქავდი,
რომ გამძლეობა მომეხვეჭა...
მე შემოდგომის ფოთლებივით
ვთოვდი განცდებს
ჩემი დაფარული სიმართლის გასაშიშვლებად,
მაგრამ მაინც არაფერი გამომდიოდა
ტანჯვის ამბავში _
ტანჯვა მაინც ტანჯვად რჩებოდა _
სიამედ ვეღარ გარდავქმნიდი.

მე ზოგჯერ სულაც არ ვიყავ მე
და მაშინ ჩიტს ჩიტი ვეგონე,
შეშლილს _ შეშლილი და ძაღლს _ ძაღლი
და სარკე ჩემში იხედებოდა,
რომ დაენახა ჩემი მტრები, ყველა, ვისაც კი 
ერთხელ მაინც ჩაუხედავს გუბეში, ჭაში,
მით უმეტეს, საკუთარ თავში.

აქ დაცემული მინახავს წლები,
რომლებისთვისაც, როგორც ხარისთვის,
ადამიანებს ხოხბის ყელი გამოუღადრავთ
და სისხლს წყალით კი არ რეცხავდნენ _
ჯიბეებში იჩხრიალებდნენ...
და იმ დახოცილ წლების ჩონჩხზე,
როგორც შუშის ნამსხვრევებზე,
მე დავდიოდი დაჩეჩქვილი ფეხისგულებით...
და მხოლოდ დარდი მცემდა ნუგეშს
და მომიძღვნიდა სითბოს ყინვა,
სახურავებზე ჩამომხრჩვალი
და ევერესტი ზღვის დონეზე დაბლა მეძახდა
და მუჭის სიმსხო ბგერებს ვჩრიდი
პირში ჩემს სმენას,
დაყრუებას რომ გავქცეოდი...
ხოლო კარები თავიანთ თავში
მე მაღებდნენ და კეტავდნენ სივრცეს
და მე დაგუბულ ტირილს მთებს შორის
თოკად ვაბამდი მოგონების ჯამბაზებისთვის
და ბულბულების ჩიჩახვები ამტკივდებოდნენ
ყელში, რომელიც უმღერლობის ამტანი იყო...
სწორედ ამიტომ ამოვარტყი
ერთ ადგილას ფეხი ცხოვრებას,
როცა გამოღმა შემომედავა...

და მე სიყვარულს ბოდიშს ვუხდი
ისე, როგორც დარჩენილ ვალს,
რომლის გადახდა აღარ უნდათ
ზოგ-ზოგებს ზოგჯერ,
მხოლოდ იმიტომ, რომ პროცენტები
ვალზე მეტი აქვთ გადახდილი...

მე მწიფე ბაღში მიკრეფია
მკვდარი ფოთლები და ვარსკვლავები _
არსაიდან დაცვენილები
და მათით დამწვარ ხელისგულებს
ვმალავდი ხალხში,
როგორც ჭამის წინ მალავს ბავშვი
გათხუპნილ თითებს
მხოლოდ იმიტომ, თუ გამოუჩნდა,
დედა უთუოდ დააბანინებს,
და ვიცი _ სხვაფრივ თუ მოვიქცევი,
ყველა ნაკლი გამომიჩნდება.
მე ისიც ვიცი, ბოლოს და ბოლოს,
თუ ნატვრა კუბში არ აიყვანე,
ვერ აისრულებ ვერასდიდებით...

და, რა თქმა უნდა, ცხოვრებაზე
სხვა წარმოდგენა
შეექმნება კაცს, ვინაც თავის სადარბაზოსთან
შეეჯახება მელნისფერ ღრუბელს
და მისგან გაბმულ წვიმის წვეთებში
გაიხლართება, როგორც ბუზი ობობას ქსელში
და იმ უხილავ მაგნიტის ძალით,
რაც რკინას ახლოს არ იკარებს
და განიზიდავს,
იზიდავენ ის სივრცეები,
იმთავითვე რომ იყვნენ თურმე განკუთვნილი
იმ ფრთოსნებისთვის,
რომლებმაც წლეულს ნაჭუჭებს ვერ გამოაღწიეს.

არ შეიძლება გერქვას ძლიერი
იმის გამო, რომ ქვეყანას ანგრევ!
ძლიერი უფრო ისაა, ვისაც
გარეული იხვიც ერევა
თავის ბუმბულის სიმშვენიერით
და ჩახმახის გამოკვრამდე ხელებს უბორკავს...

არ არსებობენ ცუდი და კარგი გარემოებანი,
არსებობს ადამიანი,
რომელიც დგას გარემოებებს შორის,
როგორც საგზაო ინსპექტორი მოედნის გულში,
ვინც ეხმარება ავტომობილებს 
უშეცდომოდ მოძრაობაში...