"ია ორანა, მარია",
აღარც დარია,
აღარც მზეა,
ზამთარია და
ზურგის მალებში ქარია,
მხოლოდ,
მარია.
არის სიკვდილი,
სიკვდილია და,
ღვთაების კართან
სევდიანი ჭაბუკის კუბო.
არც ფიფქებია,
არც დარია,
და მზე ისეთი საპყარია,-
ძვლებში ატანს
სიცივე,
სად ხარ, მარია?
დილის ლოცვები ხომ გესმოდა?
ოქროსფერია გოგოს ლოცვები,
არეულია გოგოს ლოცვები,-
გოგოს სიტყვები-
"ია ორანა, მარია".
აღარც დარია,
აღარც მზეა,
და გამჭოლი ზურგის ქარია,
ზარები რეკენ ნაღვლიანად,
ყვავებიანი გუმბათია,
მხოლოდ ზარია.
და როგორა ვარ-
მეკითხებიან.
გავიღიმები,-
დეკემბერია,
და ზამთარია.
თუმცა, მერე რა, და მერე რა?-
ზამთარია და ხელი დამრია,
ძილშიაც მახსოვს შენი მზერა.
ისევ დავმარცხდი,
ვწევარ სამარხში.
მცივა-გამათბე.
მშია-მაჭამე,
დილის ლოცვები მათქმევინე,
მხედავ?
დავბრუნდი შენს დღეებში,
თუმცა ღამეა.
"ია ორანა, მარია,
ია ორანა, მარია".