რომელი ერთი...
რეისების მუდმივი მგზავრი
პირში სიგარით, ყელში ბოღმით და თავზე შლაპით,
აი, ეს კაცი მეუბნება, რომ აქვე-სადღაც
იყო სიკვდილი-განახლების დიადი შტამპი.
რომ აქვე ვთხრიდით საფლავებს და აქვე ვმარხავდით
ცოცხალ სიყვარულს, პარკინსონით ავადმყოფ ვნებას,
აი, ეს კაცი დამიმოწმებს, რომ მე დაღლამდე
ვიგონებ მარტის ქარებივით არეულ ვერბლანს.
რომელი ერთი...
მოგიყევით უკვე მრავალი,
ირეალობით ავაქაფე ღამე-სქოლიო,
ქუჩაში გამვლელს პოეტების ფეხზე მავალი
ვუყვები სონეტს და ერთადერთს!
ასე მგონია
გინდა თუ არა, უნდა უთხრა სიცოცხლეს რაღაც,
თუნდაც დაცინვით,
თუნდაც რიხით,
როგორც ამ კაცმა,
ყველა რეისზე რომ ახურავს უცვლელი შლაპა
და ტუჩის კუთხეს ექაჩება ღიმილი მკაცრი.
და პარეზივით მორჩენილი სიმშვიდე ცალფა
მყვება რიჟრაჟის სინანულად, რომ ჩემს თავს გავცდი.