Litclub.ge

უშენობის დასასრულისას
როდის მოხვედი?
უთვალავი ფოთოლი ჭკნება.
ირიბად ცრის და
რა ნება-ნება შემოხვედი.
ხან ქარბორბალა აიტაცებს სევდას და
დააქვს სახლიდან სახლში,
ბანიდან-ბანზე.
ვზივარ - გიყურებ -
ხელებიდან მოგდის სხივები.
თვალიდან - შუქი.
მეღვრები.
როდის მოხვედი?
დღეების ვიწრო გასასვლელში რომ გდარაჯობდი,
თუ სიკვდილის წინ -
უშენობის დასასრულისას -
ფოთოლცვენის ფოიერვერკზე.
ზიხარ - მიყურებ.
ჩემი ღმერთი ხომ მოწყალეა,
შენ კი არ გჯერა.
ზიხარ. ქარია
გარეთ და შენ ხარ.
უმისამართო სურვილები ტოვებენ მიწას.
პიუპიტრიდან დაცურებულ ნოტებს ვაგროვებ.
ვზივარ და გიწყებ.
კლავიშები უფრო სველია,
ვიდრე ქუჩები.
ერთი სული მაქვს, ფეხი დამისხლტეს,
და ჩემი ბნელი, მკრთალი სისხლით შენში დავწერო -
მიყვარხარ.
ჩემი ღმერთი ხომ მოწყალეა -
შენს უსაშველო უღმერთობაში ისე სეირნობს -
რჩება. 
გიხდება.

მერე კი, ჩვენი თიხებისგან ვინმე ბიჭუნა
აივსებს მუჭებს, ხორბლისფერი მომცრო ხელებით,
ერთმანეთს მკვიდრად გადაგვაზელს
და ჩვენი კვნესა
მარადისობის დაგუბებულ წამებს 
გაარღვევს.