Litclub.ge

და ტკბილი ტყუილის ოდა
(იქიდან-აქამდე ირონის და იას ხელმეორე საკითხავი)

ოდესაც ბრძენმან რიტორმან შოთამ რგო იგავთ ხეო და
დავით გურამიშვილი
მე ერთი დღეც არ გამითენდეს უშენოდ ქვეყნად
რუდაქი
ტყეს დატვირთავს წამებული ოდელიოდო ცა
სიმონ ჩიქოვანი
იქით წასულთ, რატომღაც, აქეთ რჩებათ თვალები
ედუარდ ესთლინ ქამინგსი


ვთქვი მე არაკი:
აჰა, მდოგვი, ჩემს ბოსტანში ამოწვერილი,
ისე მწარეა,
როგორც სხვის ბოსტნებს მოდებული უხვი სიმართლე
და ეს სამხარიც მხარზე უნდოდ გადავიკიდე,
რომ დაგამშიო
ერთხანს
(წვრილ-შვილ მივიწყებულ წყეულივით აგაწრიალო) –
- მერე შიმშილი შენს თვალებში ქარივით 
ჩადგეს.
დაგმარხავ ჩემს ბოსტანში.
და მდოგვს დავთესავ
და ოდელიო დელია,
ოდელიო 
და
და
მომიტანეთ კონა ფიჩხი,
მომიტანეთ თივა-ბულული,
მომიტანეთ ასი ყივილი ერთი მამლის..
აქვე დავყრი, მიწას მუცელს გავუზრდი
და ცეცხლს გააჩენს..
დაიწვეს
კონა ფიჩხი,
დაიწვეს 
თივა-ბულული
და ასი ყივილი დაიწვეს –
ქვევით შენ იწვები
ღია თვალებით და ნაცარს შეგაყრი
და თვალებში ნაცარს შეგაყრი
და ჩამოგძახებ – 
მდოგვი მწარეა,
მწარეა მდოგვი,
როგორც სხვის ბოსტნებს მოდებული უხვი სიმართლე
და ოდელიო დელა,
ოდელიო და
მდოგვი.