(მამა პეტრეს)
ერთი და... ორი და... სამი და.. ოთხიდა...
ხუთი და ექვსი და იმდენი – რამდენიც
განძივით დამარხულ ტკივილებს მოთხრიდა,
და რადგან არახარ შენ მაგის ჩამდენი
წარსულზე წარსულში საუბრობ რა ენით?!
წამს წამოაშველე მრწამსი და მოტივი...
(თუ დედისერთაა ვის მოკლავს კაენი?!)
გულს ცეცხლად მოედო რაღაც და შფოთივით
აჰყვები აღმართებს დაღლილი და ღობეს
წარსულის ფიქრებად ჩამოენაცრები,
გაცრეცილ სვეტებზე რომ ვეღარ თაღობენ
სისხლით და ცრემლებით ნაშენი ტაძრები...
ერთი და ორი და ოთხი და ექვსი და...
თითებში ჩაგაჭკნა იათა კონები...
უცნობი იები ნაცნობი ლექსიდან -
იფიქრე გულით და ნუ განსჯი გონებით...
ერთი და ორი და... ათასი და ტირე,
და კიდევ ათასი... და მერე დიდება...
შეეშვი ტკივილებს, ოცნებებს დასტირე -
- სამოთხის კარებში მოყოლილს თითებად!
ერთი და ორი და სამი და...