დილაა გაზაფხულის,
ვინ იცის მერამდენე
ყალიონს გამართავს და...
დილაა - ნეტარება,
კოცონთან ჩამუხლული
ნისლები, ბილიკები,
და მიწა, ნამცეც-ნემცეც
ფრჩხილებით ნატარები.
თვალები- პროგნოზივით
ამინდის, ვარაუდობს,
რომ ისევ იწვიმებს და...
შეგრძნება - სიახლოვე,
მზე ყელს რომ ამოგკაწრავს -
ასეთი გათენების,
(არავინ დაიჯერებს),
ტკივილმა მიმატოვა.
მდევარი? - უსათუოდ;
მინდორი- ხელისგული
მარტოა, ვაკუუმში -
ღიმილში მატრიალოს.
გული კი, მშობიარე
ას გრადუს ცელსიუსის…
მწვერვალზე გადმოკიდულ
სიცოცხლეს ვაფრიალებ.