“ქრისტე ათასჯერ რომც
დაბადებულიყო
ბეთლემში, თუ იგი
ახლა შენს სულში
ისევ არ დაიბადა, მაინც
დაღუპული ხარ.”
ანჰელუს სილეზიუსი
მიმძიმს ცრემლების პეშვით მოყვანა,
ჭინჭრის ტოტები ამომდის გულზე,
პატრონის ცრემლით მოპირულ დანას,
ფესვგაჩეხილი ვაზივით ვუმზერ.
თვალს მოატყუებს ახლა ეშმაკიც.
გული ჩაფივით მარდად იცლება.
თუ კი აღდგომას ვერ დავესწარი,
სულში იფეთქებს ღვთის მაჯისცემა.
კუბოშიც ვბორგავთ მე და სიკვდილი,
მზის ხვამლი ასდის თოთო ალიონს.
დავსხდებით ზღვარზე როგორც კუნძები,
და გავაბოლებთ ქშენით ყალიონს.
სინდისის ტყვე ვარ, გულის კი არა!
როგორ იწვიმე ცავ ჩემს გარეშე?!!!
სისხლში ცრემლებმა რომ გამიარა,
მიმხრჩვალ ხრამებში რომ ვითარეშე.
მაშინ მომიგდე ხელში სიკვდილო.
წარსულში არა, თვალებში გხედავ.
დრო მოდგა ღმერთმაც რომ დამიტიროს,
დამლევს შენ მოდი მშობელო დედავ.
მძევლად მერგება ეს აღსარება,
რა უშავს…. კენტად მაინც მოვკვდები,
ეს სისხლი ძარღვში დაიარება,
როგორც ბეთლემში ბრძენი მოგვები.
განა ლეღვივით უღვთო ვიყავი?....
არ ვარ ლაზარე! ქრისტე არც შენ ხარ!
ვდგავარ ბეთლემში როგორც მჩხიბავი,
ცამ მეხი თავზე გადამატეხა.
თითს ვერ მოიკვნეტ, მიწაზე გოგრა,
კამათელივით რომ გაგორდება.
თავგასრესილი გველივით ბორგავს,
რკინის აკვანში მკვდარი ოცნება.
ქვესკნელი სევდის სასაფლაოა;
და მესაფლავე თავად ბედია,
სულში ნაღველმა რად დამათოვა.
ნეტავ ლექსები არ დამეხია.…
არწივის ფრთებზე ვროკავ ფლოქვებით,
ბოლომდე მათრევს ჩემი ლექსები!
როგორც რუმბებში ჩამხრჩვალი ღვინო,
მეც ასე ხანთან ერთად ვბერდები.
ჰა, დამამტვრიე ათივე თითი,
სული კუბოში უნდა დავმალო.
თუ კი ბედშავებს შენ გვიშველიდი,
რად აღარ მღერი ჩემო ლამბალო?!!!
თვალს მოატყუებს ახლა ეშმაკიც.
გული ჩაფივით ზანტად ივსება.
თუ კი აღდგომას ვერ დავესწარი,
სულში იფეთქებს ღვთის მაჯისცემა.
გეძებ ცხოვრებავ. დამტყდა მუხლები.…
სულში ვიღაცამ გველი იპოვა.
და მყინვარწვერმა თოვლის ღრუბლები,
თვალზე კურცხლებად ჩამოიგორა.