Litclub.ge

მანანა და ლალი
ლალი, ლალი, ჩემო ლალი!
რაო, ჩემო მანანა?
ეს თოჯინა დედაშენმა
ჩემთან გამოგატანა?
რასა ბრძანებ, ქალბატონო!
არ გათხოვებ არასდროს,
გინდა ისევ გააცივო,
ისევ სურდო დამართო?
რადგან ასე მეუბნები,
რადგან ასე მაჯავრებ,
დამიბრუნე ჩემი ვაშლი,
მე რომ გუშინ გაჭამე.
არაფერიც, არაფერიც,
არაფერსაც არ მოგცემ,
იმ ვაშლისთვის, აღარ გახსოვს,
ლოყაზე რომ გაკოცე?
მე რომ წიგნი მოგიტანე
კარგი წასაკითხავი?..
მერე მე რომ მოგარჩინე,
ექიმი რომ ვიყავი?
ჰო-ჰო-ჰო-ჰო, დიდი საქმე,
სულ არ იცი თამაში,
გახსოვს, მე რომ მოგეხმარე
კანფეტების ჭამაში?
მერე მე რომ შენს თოჯინას
გავუკეთე ნემსები?!
მერე მე რომ წაგიკითხე
დიდი, გრძელი ლექსები?!
როგორც ვხედავ, ქალბატონო
უმადური ბრძანდები,
დაგავიწყდა, გუშინწინ რომ
გამომართვი ბაფთები?
არც თოჯინა მინდა შენი,
აღარც შენი ვაშლები,
ბუტე, ბუტე, გაგებუტე,
აღარ გეთამაშები!