Litclub.ge

მასკები კარნავალში

 

მხრებზე მოიგდეს აჩრდილებმა წამოსასხამი.

ქართულ ჯირითში მოიარეს ყველა ტოტები.

კვლავ გარეტებას მთვარეები ღვრიან... ასხამენ...

და კვლავ მოქრიან თავგანწირვით დონ-კიხოტები!

 

ჭრელ არლეკინთან კოლომბინამ რომ იცბიეროს,

ჩაიცვამს ნიღაბს სარკეებში მისი პროფილი.

თეთრ ბალახონით გადაიყვანს მთვარე პიეროს

და მეოცნებეს შეუყეფებს მეფისტოფელი.

 

ამ აჯანყებულ საღამოში იმუქრებიან:

ძველი ჩონჩხები ჩირაღდნებით გაშლილ მდელოზე...

ჩნდებიან ხმლებით ჰამლეტები და კვლავ ქრებიან...

და ფიქრებია წელგაფატრულ შავ ოტელოზე!..

 

აპარებს დანას თავისმკვლელი... ვიღაც მტყუანი...

შიში მხიარულ გაგიჟებით და კარნავალი...

დაითრევს ქალებს საროსკიპოდ თვით დონ-ჟუანი...

ცოცხლებში მკვდარი გაერევა უფრო მრავალი!..

 

მაგრამ გრიგალი წამოუშენს სტუმრებს რაპირებს.

აჩეხილ ნიღაბს ყრუდ ფატრავენ უსახლკარონი.

გაშიშვლებულნი ასხდებიან სტიქსის ნაპირებს

და უმადურად გადაზიდავს ყველას ხარონი.