Litclub.ge

როგორც ლურსმნით (თარგმანი: ჟუჟუნა ხაჯიშვილი)

როგორც  ლურსმნით  - ვმსჭვალავ  შავი მიწის  გულს,

სულ  ტყუილად  ვწვალობ,  სულ  ტყუილად,  სულ:

მაგ  ლურსმანზე  მეტად  ერთგული  ვარ  მე:

აქ   არა  ხარ  შენ   და - აღარა  ხარ  შენ.

 

მზერას  მოვწყვეტ  მიწას,  ცას  მივანდობ  თვალს,

სულ  ტყუილდ  გეძებ,  ვერ   ვპოულობ  კვალს.

სველ  ბადიას  ვხედავ,  წვიმის  წყლების   ჭერს,

იქ  არა  ხარ  შენ  და - აღარა ხარ  შენ.

 

იმ  ორიდან   ერთი  ვით   ვიწამო,  ვით?

ან  ნამეტურ - სულით,  ან  ნამეტურ - ძვლით.

შენ  სადა  ხარ  თვითონ?  შენ  სადა  ხარ  მთლად?

იქ  -   ნამეტურ   იქ    და...   აქ  -   ნამეტურ  აქ.

ვერ  გიმეტებ  ქვიშად  და  ვერც  ნისლად  ცის,

ვინც  საშოსგან  იშვი,  წილად  მერგე,  ვინც...

მე  ვერ  შევძლებ  გვამზე , ვერც   აჩრდილზე  ფიქრს,

აქ  -   ნამეტურ  აქ   და...     იქ  -   ნამეტურ   იქ.

 

ეს  არა  ხარ  შენ  და  -  ეს არა  ხარ  შენ.

გვიგალობონ  თუნდაც  ხუცესებმა   ჩვენ,

საიქიო  ყოფა   რომ   სიცოცხლეს  ჰგავს,

ღმერთი   მეტად   ღმერთობს,  ჭია  მეტად  ხრავს.

 

ჩვენ  არა  ვიცნობთ,  არა - აჩრდილსა   და   გვამს!

ჩვენ  არ  მივცემთ,  არა,

სასაფლაოს  ყვავილს

საცეცხლურის  ვამლს!

 

თუ  სადმე   ხარ  კიდევ,  ისევ  ჩვენში  ხარ

და  პატივი  დიდი      იქნება   სხვა:

ნუ  ვიხსენებთ   წარსულს, ის   გათიშვა  გვძულს:

შენ  წახვედი  სულ  და...შენ  წახვედი - სულ.