Litclub.ge

მაგრამ უჩემოდ
მე როცა წავალ, ყველაფერი დარჩება ასე:
ტკივილი,
წყევლა,
ბოროტება,
ღიმილი,
ეჭვი…
ბევრი ლამაზი მოიღერებს გედივით თეთრ ყელს
და ცას მოწყდება ვარსკვლავები, ვით ოქროს კენჭი.
კვლავ გაათევენ მიმოზებთან წყვილები ღამეს
და შეხვდებიან სიყვარულით კაბაჭრელ დაისს.
მზე განთიადის დალალებით აანთებს მთა-ველს
და სიო ბაღში შემოიტანს სიცოცხლის ხალისს.
ზღვა მოვარდება ლომის ნდომით დიდებულ კონცხთან,
ციდან წამოვა ფანტელების ქათქათა თოვა…
იქნება ბოღმა,
სინანული,
ალერსი,
კოცნა,
ძეობა,
ლხინი,
გაჭირვება,
ცრემლი და გლოვა, −
მაგრამ უჩემოდ?!