ნოდარ ყურშუბაძეს
უშენოდ ერთი გავიდა წელი,
გაცივდა გული, სახლი და კერა.
შემაჟრიალებს დარდები მწველი,
შენი სიკვდილი მაინც არ მჯერა.
გაღიმებული მხვდებოდი სახლში, −
მონატრებული ყოველთვის ჩემზე,
ამხელა კაცი გეგონე ბავშვი,
მიხუტებული დუმილით მკერდზე.
შემოვაღებდი ჭიშკარს და ხელად
დავიძახებდი ხმამაღლა: − დედა!
ახლა რად ტირის ტირიფი ველად,
სიცარიელე რად შემეფეთა.
პატარა საფლავს, პატარა ხესთან,
ჩემი ცრემლები ბალახებს რწყავენ.
მაინც ცოცხალი მგონიხარ, დედა,
და არ ჩავიცვამ არასდროს შავებს…